Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამძიმრის წერილი პროფესორი არკადიუშ ვუდარსკის გარდაცვალების გამო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 52 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ქართულ-პოლონურ იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ზიელონა გორას (Zielona Góra) უნივერსიტეტისა და ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი - არკადიუშ ვუდარსკი.


პროფესორი ვუდარსკი თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის გამორჩეული მეგობარი და საქართველოს დიდი ქომაგი იყო. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული და პოლონური სამართლის დაახლოებისა და განვითარების ხელშეწყობაში. პროფესორ ვუდარსკის აქტიური მხარდაჭერითა და ძალისხმევით თსუ-ის სტუდენტებს არაერთხელ ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ მონაწილეობა ბერლინის, ოდერის ფრანკფურტისა და სლუბიცეშის საზაფხულო სკოლებში. იგი აქტიურად უჭერდა მხარს ქართველი სტუდენტების შედარებითი სამართლებრივი ფორმატის - IUS PRIVATUM-ის ღონისძიებებში  მონაწილეობას, მათთან ერთად აქვეყნებდა სამეცნიერო ნაშრომებს და ხელმძღვანელობდა მათ კვლევით საქმიანობას.


პროფესორ არკადიუშ ვუდარსკის, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, მრავალწლიანი თანამშრომლობის დაფასების მიზნით, 2024 წელს გადაეცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედალი. მედლის გადაცემა პირადად პროფესორ ვუდარსკისთვის დაგეგმილი იყო საქართველოში მისი შემდეგი ვიზიტის დროს, რაც, სამწუხაროდ, მისმა უდროოდ გარდაცვალებამ შეუძლებელი გახადა. შესაბამისად, მედალი მის ოჯახს გადაეცემა.


თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სახელით, გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას უზადო მეცნიერისა და ძვირფასი კოლეგის, პროფესორ არკადიუშ ვუდარსკის გარდაცვალების გამო და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს.

თარიღი: 03/02/2025